„თუ ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი“ - დეკანოზი შიო მენაბდე
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2018 10:20
„თუ ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი“ - დეკანოზი შიო მენაბდე

დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც.

მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება აქციაზე დავაფიქსირე. ეს სიმართლე არ არის. ტაძრის ამბიონის გარდა, ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არცერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული.

ითქვა ისიც, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ.
ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსითი თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო.

კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელი ფაქტის გამო, გულითადად ვუსამძიმრებ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს, ახლობლებს.

უფალმა მოიხსენოს და აცხოვნოს სულნი ახლადშესვენებულთა დავითისა და ლევანისა", - წერს დეკანოზი შიო.

ტეგები