ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და შანტაჟი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 2 წლამდე პატიმრობით დაისჯება
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2018 13:14
ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და შანტაჟი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 2 წლამდე პატიმრობით დაისჯება

ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომლის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ცვლილებების მიხედვით, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის მუქარით, ან სასტიკი მოპყრობით, ან მისი პატივის, ღირსების დამცირებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორიდან ოთხ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით არაერთგზის, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან – ექვს წლამდე.

ამასთან, პროექტით, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით – ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და არაერთგზის, ისჯება ორიდან – ოთხ წლამდე პატიმრობით.

რაც შეეხება „სისხლის სამართლის კოდექსში“ ოჯახში ძალადობის თავს, ცვლილებებით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლი), ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (120-ე მუხლი) ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით – 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით. თუ იგივე ქმედება ჩადენილია, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და არაერთგზის, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

 

ტეგები