8 ივნისს ეროვნული არქივის საცავში ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესვლა
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2018 12:55
8 ივნისს ეროვნული არქივის საცავში ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესვლა

არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში პროექტი „არქივის ღია კარი“. ეს პროექტი უკვე მეორედ ხორციელდება. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
 
8 ივნისს დოკუმენტების საცავებისა და მასში დაცული დოკუმენტების დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. ამისათვის კი მსურველმა 7 ივნისს უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
 
ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევრებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეეძლებათ.
 
„არქივის ღია კარი“ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აძლევს საშუალებას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოხვდეს არქივის უნიკალური დოკუმენტების საცავებში.
 
„არქივის ღია კარისათვის“ მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავს წერილობითი დოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, საგამოფენო პავილიონის დათვალიერებას.
 
არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.

ტეგები