"ბოლო ზარები იქცა ერთ დიდ დრიფტ შოუდ, სადაც აქცენტი მანქანების გამარიაჟებაზე კეთდება - BMW ინ ექშენ"
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2018 15:19
"ბოლო ზარები იქცა ერთ დიდ დრიფტ შოუდ, სადაც აქცენტი მანქანების გამარიაჟებაზე კეთდება - BMW ინ ექშენ"

რეგინფოს ყოფილი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი გიო ბეჟანიშვილი, რომელიც სკოლის გამოსაშვებ საღამოებზე და "ბოლო ზარისთვის" მოსწავლეებისთვის ფოტოსესიებს მართავს, ფეისბუქის გვერდზე ამის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
"დილა მშვიდობისა.
 
ჩემი მეგობრების ნაწილმა იცით რომ ფოტოგრაფი ვარ და სტუდია მაქვს.
 
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე უკვე მეხუთე წელია მიწევს თინეიჯერებთან შეხება. უფრო მეტად კი ეს მაისსა და ივნისში ხდება, ბოლო ზარებისა და ბანკეტების პერიოდში.
 
წელს ამ სეზონზე გადაღებას უკვე მოვრჩით და ორიოდე სიტყვით მინდა ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.
 
ცალკეულად აღებული მთლიანი სურათი ახალგაზრდების ქცევისა საკმაოდ არაშთამბეჭდავი იყო.
 
ძალიან თვალშისაცემია მატერიალისტური დამოკიდებულებები და სიყვარული სპორტული მანქანებისა და იარაღის მიმართ. იმდენი დრიფტაობა გადავიღეთ, ვფიქრობ მასალა Fast and Furious-ს ხომ არ მივყიდოთ. 
 
ბოლო ზარები იქცა ერთ დიდ დრიფტ შოუდ, სადაც აქცენტი მანქანების გამოჩენასა და გამარიაჟებაზე კეთდება. BMW ინ ექშენ.
 
იყო სროლები და ძალიან ბევრი ყვირილი. არ ვიცი რატომ მაგრამ სასტარტო იარაღი რომელიც მხოლოდ ხმას გამოსცემს თურმე ძალიან მოდური ყოფილა. ამით თითქოს ხაზი ესმებოდა იმას რომ კონკრეტული ადამიანები რაღაც მეტ ძალაუფლებას ფლობენ და ამით თავსაც იწონებენ, როცა მიმავალი მანქანიდან ისვრიან და თავის ხოშს ისწორებენ.
 
კიდევ ერთი, რამაც გამაკვირვა იყო უუფლებო დედები, რომლებიც თავიანთ ბიჭებს უფრო არა დედის, არამედ მოსამსახურის ამპლუაში დაყვებოდნენ.
 
დედაშვილობა კომპლექსური ფენომენია, თუმცა რაღაც უფლება-მოვალეობებს მაინც ეფუძვნება. ასე უუფლებო დედები იშვიათად მინახავს. ქალები რომლებიც თითქოს სიტუაციის მსხვერპლი იყვნენ.
 
ჩემი ამერიკელი მეგობარი ხშირად მეუბნებოდა, რომ ჩვენ ქართველები ბიჭებს როგორც მეფეებს ისე ვზრდით და თავიდანვე ვაძლევთ იმის უფლებას რომ როგორც მათ უნდათ ყველაფერი ისე იყოს.
 
საბოლოო ჯამში დავინახე ქალები რომლებსაც ხმის ამოღების და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ ქონდათ. ჩუმად უყურებდნენ მათ შვილებს რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში არც ისე შესაფერისად იქცეოდნენ. ყვირილი და ძალაუფლების დემონსტრაცია მთავარ თემად გასდევდა სხვადასხვხვა მოვლენებს.
 
ცხადია ასეთი გარემო არაჯანსაღია მუშაობის კუთხით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მომავალი წლიდან მსგავსი ივენთები აღარ გადავიღოთ. მხოლოდ ფული ჩემთვის არასოდეს ყოფილა ღირებული. მით უფრო იმ ფონზე რომ მშობელი ვარ მეც, ჩემთვის დამთრგუნველი იყო იმის ყურება რაც ჩვენ წელს გადაღებებზე ვნახეთ. საქმემ სიამოვნებაც უნდა მოგანიჭოს კაცს, მაგრამ სასიამოვნო ბევრი არაფერი მინახავს ამ გადაღებებზე.
 
საბოლოო ჯამში მაინც იმ ღირებულებებზე მეფიქრება რაც ერთიანად აღებული გამოიკვეთა ამ გადაღებებზე. ცოტა არ იყოს და დამაფიქრა კიდეც ხომ არ ღირს ჩემი შვილები სადმე სხვა, უფრო ცივილურ და ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ თქო.
 
კიდე ბევრის დაწერა მინდა მაგრამ თან ისიც ვიცი მსგავსი პოსტები არაფერს ცვლის. თუმცა მაინც ვიტოვებ იმედს რომ რაღაცნაირად ყველაფერი კარგად იქნება და ყველა ერთად ისეთ გარემოში ვიცხოვრებთ სადაც თავს კომფორტულად და ჰარმონიულად ვიგრძნობთ.
 
That's all Folks.
 
ჩამატება: რომ არ დაგრჩეთ ისეთი შთაბეჭდილება თითქოს სულ ასე იყო ყველა გადაღებასა და ყველა მოსწავლესთან - ხაზს გავუსვამ, რომ ეს საერთო სურათია ასეთი, თორემ ცალკეულად ბევრი ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობის მოწმეც გავხდით", - წერს ფოტოგრაფი გიორგი ბეჟანიშვილი.

ტეგები