რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ირლანდია დაამარცხა
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2018 22:41
რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ირლანდია დაამარცხა

ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდა და ტურნირის პირველი სენსაცია შემოგვთავაზა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
 
შეხვედრის პირველი ლელო არსენ მაჩალაძემ მე-10 წუთზე დადო. ირლანდიელებმა „ბორჯღალოსნებს“ ჯარიმით უპასუხეს (დინი 13′). შვიდ ქულიანი უპირატესობა გელა აფრასიძემ მე-16 წუთზე აღადგინა.
 
21-ე წუთზე სვანიძემ მეტოქეს გადაცემა ჩაუჭრა და მეორე ლელო დადო – 17:3.
 
ირლანდიელებმა ლელო 33-ე წუთზე დადეს. დინმა თავისივე დადებული ლელო გარდასახა და ანგარიშში სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა. პირველი ტაიმი საქართველომ 17:8 მოიგო.
 
მეორე ტაიმის დასაწყისში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი ლელო შემოგვთავაზეს. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ძაგნიძემ ხაზი გაჭრა და ბურთი შეაცურა, რომელსაც აბჟანდაძე დაეწია და  ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა – 24:8.
 
გაშვებული ლელოს შემდეგ ირლანდიელები დომინირებდნენ, თუმცა ლელოს დადება შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მოახერხეს – 15:24.
 
დაპირისპირების ბოლო წუთზე ირლანდიელებმა მოლით კიდევ ერთი ლელო დადეს და 7 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ბონუს ქულა აიღეს. საბოლოო ანგარში – საქართველო 24:22 ირლანდია.
 
ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფურ ეტაპზე 5 ქულა მოიპოვეს და პლეიოფში მე-9 მე-12 ადგილისთვის იასპარეზებენ.

ტეგები