„მე ისევ ლევანის დედა ვარ, უბრალოდ, მას ახლა განსხვავებული ზრუნვა სჭირდება...“ - ლევან დადუნაშვილის დედა
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2018 13:20
„მე ისევ ლევანის დედა ვარ, უბრალოდ, მას ახლა განსხვავებული ზრუნვა სჭირდება...“ - ლევან დადუნაშვილის დედა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ხანმოკლე ცხოვრება Etaloni.ge-სთან ლევანის დედამ, დეიდამ, მეგობარმა და მეგობრის დედამ გაიხსენეს.

თამარ საყვარელიძე (ლევან დადუნაშვილის დეიდა):

სკოლა ლევანის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო. გიჟდებოდა სკოლაზე. არდადეგების ბოლო დღეს, როცა არავინ მიდიოდა სკოლაში, ლევანი სიხარულით გარბოდა. არ არსებობდა, წვიმასა და თოვლს შეეფერხებინა. უზარმაზარი ენერგიის პატრონი იყო და სახლის სივრცეში ვერ ეტეოდა მისი ენერგია. სახლში სულ ვეჩხუბებოდით, ნუ ანგრევ და ამტვრევ-თქო. სკოლაში კი სივრცე ჰქონდა და ამიტომაც სულ იქ უნდოდა ყოფნა. სკოლაში კი არ მიდიოდა, მუდამ გარბოდა. მთელ ქუჩას ახსოვს მისი სირბილი.

მოხუცს ან მათხოვარ ბავშვს რომ დაინახავდა, თვალები უცრემლდებოდა და გვეკითხებოდა, ამას სახლი ხომ აქვსო. ეცოდებოდა, ძალიან გულჩვილი იყო. თავის ინტერესს დათმობდა, და სხვას გაუკეთებდა, გადაყვებოდა თან... ძალიან მოწესრიგებული იყო ყოფაში. 30 კაცი წავიდა ექსკურსიაზე და გოგონება თქვეს, ლევანმა რომ საწოლი გაასწორა და თავისი კუთხე მიალაგა, ჩვენ შეგვრცხვაო. სახლში ამას არასოდეს აკეთებდა, მაგრამ ჩვენ გვთხოვდა.

მე მუსიკოსი ვარ და მთხოვდა, ბეთჰოვენის სონატა მასწავლეო. მოიწამლა ამ სონატის ფინალით. ეს ძალიან რთული ნაწარმოებია და ვუთხარი, ასე პირდაპირ ამას ვერ დაუკრავ-მეთქი. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მითხრა, ბეთჰოვენის იმ სონატას როდის მასწავლი და რამდენ ხანში ვისწავლიო. ის სონატა ბეთჰოვენმა ყველაზე რთულ პერიოდში დაწერა. მაშინ, როცა ყოველგვარი იმედი გაექარწყლა, რომ სიყრუეს დაძლევდა. ეს სონატა ძალიან ჰგავს ლევანის ცხოვრებას. ეს არის მუსიკა, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია, ანუ ისაა, რაც იყო ლევანი. ფინალი კი ისეთია, ვერც მიხვდები – შეწყვეტილი მუსიკასავითაა, უცბათ ქრება. ახლაც რომ ვუსმენ, თითქოს ლევანის განვლილ ცხოვრებას მაგონებს. სიმბოლურია და საოცარ კავშირს ვგრძნობ. წინა ზაფხულს მათი სკოლელი ბიჭი დაიღუპა. ბრმა შემთხვევა იყო – რიონში გადახტა და დაიღუპა. ლევანმა ეს ძალიან განიცადა. იმ დღეებში ლევანი ბორჯომში ისვენებდა და მამამისმა არ გამოუშვა. როგორც კი ჩამოვიდა, მეორე დღესვე ავიდა სასაფლაოზე. ზუსტად იქ, სადაც ახლა თვითონ არის დაკრძალული. მერეც ხშირად დადიოდა. სხვებიც მიდიოდნენ თურმე მასთან ერთად. უთქვამს, მე თუ მოვკვდები, ნეტავ ასე ვეყვარები ყველასო...

სახლში ყველაზე მეტად ბებია აქებდა. ჩვენ კი ვიცოდით, რომ საუკეთესო ბიჭი იყო, მაგრამ პირში არ ვაქებდით. ლევანი გიჟდებოდა, ბებია რომ აქებდა – შენ ხარ ჩემი სიამაყეო.

გიორგი მგალობლიშვილი (ლევანის მეგობარი):

- ლევანისნაირი ენერგია რომ ჰქონოდა ხუთ ბავშვს კლასში, ალბათ, აუტანელი იქნებოდა ჩვენი ერთად ატანა. საოცრად მხიარული და საუკეთესო ბიჭი იყო. მესამე კლასიდან დავახლოვდით და მას მერე სულ ერთად ვიყავით. ცხოვრებაში არავისთან ჰქონია კონფლიქტი. არც იმ ჩხუბში ყოფილა მხარე... მუდამ მხიარული და მომღიმარი დაგვამახსოვრდება ყველას...

თინა გიგაშვილი (გიორგი მგალობლიშვილის დედა):

- სკოლაში ამბის გასაგებად რომ მივდიოდი, მაშინვე მოირბენდა ხოლმე ლევანი. მეტყოდა, გიორგი მეოთხე სართულზეა და ახლავე დავუძახებო. აირბენდა კიბეებს, დაუძახებდა, არ ეზარებოდა. მერე ჩემი მეორე შვილის ამბავს მომიყვებოდა, სად იყო და რას აკეთებდა... ძალიან გულწრფელი და უსაყვარლესი ბავშვი იყო. არასოდეს არაფერი ეზარებოდა. მკვლელობამდე სამი დღით ადრე კეკელიძეზე შემხვდა. კარგა ხანს არ მყავდა ნანახი და გადავირიე, ისე იყო გაზრდილი. იმხელა მოდიოდა და ისეთი ნათელი და საყვარელი იყო.

ნათია საყვარელიძე (ლევანის დედა):

- ქუჩის გარჩევები და დანების ტრიალი ლევანისგან შორს იყო. თავის დაცვაც კი არ შეეძლო... სკოლაში მუდამ ცელქობდა. ერთხელ წითელი ქუდი დაუფარებია, ხელში კალათა დაუჭერია, ჩაულაგებია შიგ ვაშლები და ვითომ არიგებდა – ჯეჯელავას ვაშლების ამბავი გაითამაშა. პოზირებდა და იყო ერთ ამბავში. მასწავლებლები საყვედურს რომ მეტყოდნენ, უკვირდა, არაფერს ვაშავებ და რა უნდათ ჩემგან, ვერ გავიგეო. მანდატურს უთქვამს, დადუნაშვილი უნდა ჩავინაცვლო, ჩემზე მეტს დარბის ოთხივე სართულზეო.

ერთხელ ჩავთვალე, რომ ლევანი დამიჩაგრეს მასწავლებლებმა და სკოლაში მივედი საქმის გასარკვევად. სასწავლო ნაწილის გამგე, თინიკო ყენია მაშინ გავიცანი. მითხრა, რომ გაარკვევდა ყველაფერს. ზუსტად ორ დღეში, თინიკო ყენიას, რომელიც საკმაოდ მაღალია და კიბეზე ჩადიოდა, ჩემი შვილი თავზე გადაახტა მეორე სართულიდან და წინ დაუხტა. აღშფოთებულა, ეს ბავშვი ვინ არისო, უკითხავს. უთქვამთ, დადუნაშვილიაო. მერე ამის მშობელს როგორ აქვს პრეტენზიაო...

23 ნოემბერსაა დაბადებული ჩემი მეორე შვილი, გიორგი. ამ დღეს ჩემს ბიჭებს და ჩემს დისშვილს ვაზიარებდი ხოლმე. ბოლო 23 ნოემბერსაც ვაზიარე სამივე. მახსოვს, მოვდიოდით და მთელი ქუჩა მოგვქონდა... მამამისიც შემოგვიერთდა. ძალიან გვეამაყებოდა მე და ჩემს დას ჩვენი შვილები, მაგრამ ამას მათ ხმამაღლა არ ვეუბნებოდით. ახლა კი აღარ მომერიდება და ყველგან ვიტყვი, რომ როგორი ლამაზიც ფიზიკურად იყო, ასეთივე სული ჰქონდა. ვთვლი, რომ როგორიც შევიდა ხორავას ქუჩაზე, ორჯერ მეტი ვაჟკაცი გამოვიდა იქიდან. სხვებივით არ გაიქცა. მე ისევ ლევანის დედა ვარ. უბრალოდ, მას ახლა ცოტა განსხვავებული ზრუნვა სჭირდება...

ტეგები