"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრაგედიის შესახებ პირველად შევიტყვე" - მიხეილ გიორგაძე
ამობეჭდვა · 10 / 06 / 2018 20:51
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრაგედიის შესახებ პირველად შევიტყვე" - მიხეილ გიორგაძე

"მე და ჩემი ოჯახი გაოგნებულები ვართ სრულიად უსამართლო ბრალდების გამო, რომელშიც დღეს რუსთაველზე გამართულ აქციაზე მყოფმა ქალბატონმა პირდაპირ ეთერში დამდო ბრალი. 

გულწრფელად თანავუგრძნობ ამ ადამიანს - დედას რომელსაც შვილი დაეღუპა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ამ ტრაგედიის შესახებ პირველად შევიტყვე და ამ საქმესთან აბსოლუტურად არანაირი შეხება არ მქონია.

ვთხოვ საზოგადოებას ნუ აჰყვება ამ ცილისწამებას და მედიას, ნუ მოახდენს ამ უსაფუძვლო ბრალდების ტირაჟირებას", - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს. 

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ქუთაისში მცხოვრებმა ლარისა ძოძუაშვილმა, რომელიც აცხადებდა, რომ მას შვილი უსამართლოდ მოუკლეს, შვილის მკვლელების მფარველობაში მიხეილ გიორგაძე დაადანაშაულა.

„2017 წლის 13 თებერვალს შვილი მომიკლეს ქალაქ თბილისში, ვაგზლის მოედანსა და გოგოლის ქუჩის 18 ნომერთან. ჩემი შვილის ერთ-ერთ მკვლელი არის გიორგი ქაშიაშვილი. ამ მკვლელობას იძიებდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი. უნდოდათ, რომ მისი მკვლელი ჩემი შვილის მეგობარი ყოფილიყო. შეთითხნეს საქმე ცილი დასწამეს ჩემს შვილს და დამცინეს. ყველა სასამართლო პროცესზე ჟღერდებოდა მიხეილ გიორგაძის სახელი. მითხრეს, რომ მიხეილ გიორგაძეს დავურეკავთ ახლა, თქვენ რატომ აპროტესტებთ თქვენი შვილის ასეთ მდგომარეობასო. მიხეილ გიორგაძე ხომ ნაცნობი სახელი და გვარია, მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს, რატომ გყავთ ასეთი საშინელი მინისტრები. როდესაც გავეცანი საქმეს, იქ ყველაფერი ჩადებული იყო არა ჩემი შვილისათვის, არამედ მათ სასარგებლოდ”, - განაცხადა ლარისა ძოძუაშვილმა.

ტეგები