ბრიტანელი მოდელის გატაცებისთვის პოლონელ დამნაშავეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2018 23:13
ბრიტანელი მოდელის გატაცებისთვის პოლონელ დამნაშავეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მილანის სასამართლომ 30 წლის პოლონელ ლუკაშ ჰერბს, 20 წლის მოდელის ქლოე ეილინგის გატაცებისთვის, 16 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას bbc ავრცელებს.

საქმე ეხება 2017 წლის 11 ივლისს, მილანში ფოტოსესიისთვის ჩასული ქლოე ეილინგის გატაცებას.

ჰერბის ადვოკატებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ გატაცება დადგმული (გათამაშებული) იყო და ამით მხოლოდ და მხოლოდ მოდელმა მიიღო სარგებელი. ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ მსხვერპლზე შეყვარებული იყო და მისი ქმედება გამოწვეული იყო ფილმ "ნებისმიერი საშუალებით"-ის ზეგავლენით.

"მე ყველაფერი გავაკეთე. ეს საერთაშორისო სკანდალია, რომელმაც მას წარმატება მოუტანა", - თქვა ბრალდებულმა ლუკაშ ჰერბმა. მან დასძინა, რომ ის მოდელის გაშვებას აპირებდა მას შემდეგ, რაც ქლოეს მცირეწლოვანი შვილის შესახებ გაიგო.

გასული წლის ივლისში, ქლოე ეილინგი კეტამინით დააძინეს, 6 დღის განმავლობაში კი ქალაქგარეთ ჰყავდათ გამოკეტილი. ბრალდებული მას ემუქრებოდა, რომ სექსუალურ მონობაში ჩართავდა.

17 ივლისს, ერთ-ერთმა გამტაცებელმა მოდელი დიდი ბრიტანეთის საკონსულოსთან მიიყვანა და გაუშვა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ეილინგ ჰერბთან საუბრისას ბრალდებულმა თავისი თავი Black Death-ის დაჯგუფების წევრად წარადგინა, რომელიც ადამიანებით ვაჭრობით არის დაკავებული.

დანაშაულში მონაწილეობდა ჰერბის ძმაც, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთში, პატიმრობაშია.
 

ტეგები