ზაზა გაბუნიამ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვის სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 14:56
ზაზა გაბუნიამ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვის სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვის სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას აძლევს საკანონმდებლო ორგანოებს, შეაფასონ თავისი საქმიანობა უმთავრესი დემოკრატიული ღირებულებების მიხედვით. თვითშეფასების მიზანია, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, მოახდინოს ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინოს ორგანიზაციული განვითარების საჭიროებები და დასახოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის პრიორიტეტები“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიამ პარლამენტის წარმომადგენლობითობაზე, მის ცალკეულ სეგმენტებზე და საკითხებზე ისაუბრა.

„ეს ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა პარლამენტისთვის, რომ იმსჯელოს თავის თავზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი არის მზად გაანალიზოს რა გამოწვევების წინაშე დგას და თამამად უპასუხოს ამ გამოწვევებს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მისი თქმით, არის უამრავი მექანიზმი და ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომლებიც პოლიტიკის შემუშავების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

„მე მივესალმები ამ ფორმატს და დისკუსიას, მივესალმები პარლამენტის ერთგვარი რეფლექსიის აქტს ანუ პარლამენტის მიერ საკუთარი მდგომარეობის გაანალიზების დაწყებას. პარლამენტი რა თქმა უნდა არის წარმომადგენლობითი ორგანო, მეტიც, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ მისი 48-ე მუხლი ამბობს, რომ პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა. და რადგან ის წარმოადგენს მთელ ერს, ე.ი. პარლამენტს იდენტიფიცირებული აქვს საკუთარი თავი, რაც არის კიდეც მთავარი თეორიული წინაპირობა იმისა, რომ მან წარმოადგინოს მოსახლეობა და საზოგადოებრივი ჯგუფები. ჩემი აზრით, წარმომადგენლობითობა არის იდენტური დემოკრატიულობისა და რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მთავარ კონსტიტუციურ ორგანოზე, რამდენადაც აქვს პარლამენტს უნარი იყოს წარმომადგენლობითი და რამდენადაც არის პარლამენტი წარმომადგენლობითი, იმდენად არის დემოკრატიაც ქვეყანაში. ვფიქრობ საქართველოს პარლამენტი როგორც სოციალურად ისე პოლიტიკურად ამ თვალსაზრისით ნორმალურად გამოიყურება. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს კაცი და ქალი პარლამენტარების აქტიური მონაწილეობით, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში, მათ შორის ოპოზიციური პარტიებისთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობებისთვის და სხვა. სამუშაო პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და ღიად. ეს ნამდვილად არის დემოკრატიული პარლამენტის კრიტერიუმები. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს პირველ რიგში ვლინდება პარლამენტში, ხოლო პარლამენტი არის მთავრობის წყარო. პრაქტიკაში კი, ჩვენ გვჭირდება ამ კონსტიტუციური დიალექტიკის სრულფასოვნად ათვისება. საჭიროა პარლამენტისათვის ამ შესაძლებლობის გაძლიერება, რადგან საყოველთაო ინტერესების წარმოდგენა შესაძლებელია მაშინ, როცა პარლამენტი არა სავალდებულო შტო იქნება, არამედ მაშინ როცა პარლამენტი იქნება წამყვანი შტო სახელისუფლებლო სიბრტყეზე. ეს სასარგებლო იქნება აღმასრულებელი შტოსთვისაც და მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ ახალი რეგლამენტი ახალ შესაძლებლობებს აჩენს." - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

სამუშაო პროცესის მხარდამჭერები არიან USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისათვის (UNJP) ფარგლებში.

ტეგები