პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 15:08
პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების ანგარიში განიხილა.

ანგარიში 2016-2017 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაუმჯობესების, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, ბავშვთა უფლებების, შშმ პირთა უფლებების დაცვის, რელიგიური/ ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და სხვა მიმართულებებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.

მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნატალია ჯალიაშვილმა აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა იმ აქტივობების შესახებ, რომელთა შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. დასახელებულ თემებს შორის აღინიშნა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის სათანადო მომსახურების გაუმჯობესება, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობისგან დაცვა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირება და სხვა საკითხები.

ტეგები