ოკუპირებულ გალის რაიონში იორდანიიდან აფხაზი რეპატრიანტების ჩასახლებას აპირებენ
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 16:11
ოკუპირებულ გალის რაიონში იორდანიიდან აფხაზი რეპატრიანტების ჩასახლებას აპირებენ

არაღიარებული აფხაზეთის რეპატრიაციის საქმეთა ე.წ. მინისტრის, ბესლან დბარის განცხადებით, ოკუპირებულ გალსა და გაგრაში იორდანიაში მცხოვრები აფხაზი დიასპორის წარმომადგენლების ჩასახლება იგეგმება. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი განმარტებით, იორდანიაში მცხოვრებმა 130-მდე ადამიანმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდეს.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე იქნება გადაწყვეტილი მათი საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი.

"გალი და გაგრა ეს ჩვენი რესპუბლიკის "კარია". ისევე როგორც სასაზღვრო გაგრის რაიონში, ისე გალის რაიონშიც ძირითადად სხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ. იქ აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ, რომლებიც რესპუბლიკაში მოსულ ადამიანებს ეტყვიან "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის  რეპატრიაციის საქმეთა ე.წ. მინისტრმა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა.


 

ტეგები