საპარლამენტო ფრაქციამ „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ NDI-ის მხარდაჭერით, ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 20:56
საპარლამენტო ფრაქციამ „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ NDI-ის მხარდაჭერით, ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ძველი თბილისისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

ღონისძიების ფარგლებში, ფრაქციის წევრებმა განიხილეს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკანონმდებლო საკითხები და ცნობილი არქიტექტორების, ურბანისტებისა და რესტავრატორების ექსპერტული მოსაზრებები მოისმინეს.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, იგეგმება ცვლილებების შეტანა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონებში.

აღსანიშნავია, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების შესაბამისად, მარტივდება ნებართვის გაცემა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისას.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, ძველი თბილისი უდიდესი კულტურული და ეკონომიკური ღირებულების მატარებელია და დაუშვებელია მისი ფასეულობის რისკის ქვეშ დაყენება. ამავდროულად, ფრაქციის თავმჯდომარე კერძო საკუთრების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ „დღეს საჭიროა ამხანაგობების ყველა წევრის, ბინის მესაკუთრეების კონსენსუსი, თანხმობა, გარკვეულ გადაწყვეტილებებზე. ეს პროცესი კი გამარტივდება, რამდენადაც 50%–ზე მეტი ქონების მფლობელთა თანხმობა საკმარისი ხდება შენობის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამას გარდა, იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის შედეგად შენობას დაემატება 5%–ზე მეტი ფართობი, მისი რეგისტრაცია ხდება რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის სახელზე, რაც ასევე პრობლემური საკითხია".

ძველი თბილისის კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრა “ტფილისის ჰამქრის" დირექტორმა ცირა ელისაშვილმაც. მისი განცხადებით, ძველი თბილისის ისტორიულ-კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ის იმსახურებს მოხვდეს UNESCO-ის ისტორიულ ქალაქთა სიაში, თუმცა 1999 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არის გადავადების რეჟიმში. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა და შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პროცესის გააქტიურება.

ცნობილი არქიტექტორები, გაგა კიკნაძე, ქეთი ქობულია და ზურა ლოლაშვილი ასევე დაეთანხმნენ ფრაქციის წევრების მოსაზრებას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დაუშვებელია ძველი თბილისის ღირებულების სასწორზე დადება ნებისმიერი ტიპის კერძო ინტერესთან და აღნიშნეს, რომ თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვისათვის აუცილებელია მოხდეს როგორც მემკვიდრეობის სამართლებლივი ჩარჩოს გამართვა, ისე დამოუკიდებელი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა და კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება, შესაძლო ფინანსური ინსტრუმენტების შექმნის ჩათვლით.


 

ტეგები