იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებების დაცვას სასესხო ურთიერთობებში
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 21:39
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებების დაცვას სასესხო ურთიერთობებში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი პროექტები, რომლებიც არეგულირებს ფიზიკურ პირზე, მათ შორის, ინდმეწარმეზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარმოადგინა.

„საკანონმდებლო პაკეტი ეხება ქვეყანაში ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დანერგვას და გაძლიერებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც შემოთავაზებულია მთავრობის მხრიდან და ის ითვალისწინებს გაძლიერებული წესრიგის შექმნას აღნიშნულ სექტორში“,-განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვარი, რომელიც დაწესებული იყო 100%-ის ფარგლებში, 50%-მდე მცირდება. მისივე თქმით, არსებობს ლიმიტი ყველა სახის ფინანსურ ხარჯთან დაკავშირებით და ის ჯამურად 150%-ის ფარგლებში განისაზღვრება. წარმოდგენილი კანონპროექტით, კი აღნიშნული ზღვარი 98.55%-მდე მცირდება, რაც ყოველდღიური 0.27%-ია.


ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ახალი ინიციატივა განსაზღვრავს, რომ ყველა ტიპის ფინანსური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენი თანხის, 1,5 ოდენობას.

ცვლილებების თანახმად, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ასევე, წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.

ახალი ნორმით, რეგულირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის გირავნობის საგნიდან დაკმაყოფილების საკითხი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნება დადგენილი.

მსგავსი შინაარსის ცვლილებები შედის იპოთეკასთან მიმართებითაც. კერძოდ, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტებზე. ამასთან, გამონაკლისი დგინდება ასევე იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ საცხოვრებელი მიზნით და იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით.

კანონს ემატება სპეციალური ნორმები, რომლებიც დაარეგულირებს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის იპოთეკის საგნიდან დაკმაყოფილების საკითხს.


სამოქალაქო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 ლარამდე ნივთის ფასის მიღება ფიზიკურ პირისაგან არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. რაც შეეხება ლიზინგს, ცვლილების თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის მთლიანი საზღაური არ აღემატება 100 000 ლარს, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება განსხვავებული მოთხოვნები დაუდგინოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს.


„ეს ორი ცვლილება ჩვენი დედოლარიზაციის პროგრამის გაგრძელებაა“,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, გაიმართა დისკუსია. გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებიც შეეხება, მათ შორის, საკუთრების უფლების საკითხებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები.

კანონპროექტით, საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა შენახვის შეცვლილ წესებთან შესაბამისობაში მოდის კანონის შესაბამისი დებულებები. ასევე, სწორდება კანონის არსებულ ხარვეზი და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ და „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონები ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის. ამასთან, პროექტით ხდება საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამის)კანონმდებლობაში ასახვა.

„საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვა იძლევა საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვის, დამუშავებისა და შენახვის შესაძლებლობას. კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ამ მონაცემების დამუშავება ხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი სერვისის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვთვლით, რომ ლოგიკურია, ამ ფუნქციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადმოტანა“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.

მისივე თქმით, მეორე ცვლილებით ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ავალდებულებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, თუ ის 6 თვეზე მეტი ვადით არის გასული, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე.

„მოქალაქეობის შესახებ კანონით, საკონსულო აღრიცხვაზე დაუდგომლობა აღარ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას და ამ ნორმამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა“,-განმარტა ხათუნა თოთლაძემ.

ცვლილებების თანახმად, საკონსულო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გასული წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2017 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილი იყო 4.0%-ის ოდენობით, თუმცა წლის განმავლობაში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5%-ი შეადგინა. მისი განმარტებით, აღნიშნული ზრდა 2 ძირითადი მიზეზით იყო გამოწვეული. კერძოდ, ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო 2016 წლის ბოლოს ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის ხარჯზე განხორციელდა კაპიტალური ხარჯების ზრდა, ხოლო პირდაპირი გადასახადები ჩაანაცვლა არაპირდაპირმა გადასახადებმა. გარდა ამისა, 2017 წელს ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდგომაც გაიზარდა საგარეო მოთხოვნა საქონელზე და მომსახურებაზე.

2017 წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმართველი როლი კერძო სექტორს ეჭირა. 2017 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 19.4 პროცენტით, ხოლო ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 39.3 ათასი ადამიანით გაიზარდა..

2017 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 709.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 728.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.1%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7 981.3 მლნ. აშშ დოლარს (9.4%-ით მეტი).

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილი 26.6%-ია, მეორე ადგილზეა თურქეთი 14.8%-ით, შემდეგ მოდიან რუსეთი 11.1%-ით, ჩინეთი 8.8%-ით და აზერბაიჯანი 8.2%-ით.

ექსპორტის მიმართულებითაც პირველ ადგილზე ევროკავშირია 23.7%-ით. მას მოსდევენ რუსეთი 14.5%-ით, შემდეგ აზერბაიჯანი 10.0%-ით, თურქეთი 7.9%-ით, სომხეთი 7.7%-ით და ჩინეთი 7.6%-ით.

იმპორტშიც პირველ ადგილზეა ევროკავშირი 27.5%-ით. შემდეგ მოდიან თურქეთი 17.2%-ით, რუსეთი 9.9%-ით, ჩინეთი 9.2%-ით, აზერბაიჯანი 7.6%-ით და უკრაინა 5.6%-ით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გაზრდილია საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა, კერძოდ: 2017 წელს, საქართველოს 7 555 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 18.8 პროცენტით აღემატება. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასულ წელს 2 753 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.1%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

მისივე თქმით, გასულ წელს წინა წელთან შედარებით წმინდა ფულადი გზავნილები 22.3 პროცენტით გაიზარდა (213.6 მლნ აშშ დოლარით მეტი). გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ასევე გაიზარდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მისმა მოცულობამ 1 862 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ბიუჯეტის შესრულების შესახებ საუბრისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საკასო შესრულებამ შეადგინა 11 764 835.4 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 100.4%-ია. გიორგი კაკაურიძის განაცხადებით, თითქმის ყველა სამინისტროს მიხედვით შესრულების მაჩვენებელი 100%-იანია, რიგ შემთხვევებში კი 99%-ი. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დადებითად შეაფასა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“.



გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე, ასევე წარმოადგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა 2019 წელს გათვალისწინებულია 5%-ი, შემდგომ წლებში კი, ეს მაჩვენებელი 5.5%-მდე და 6%-მდე იზრდება. ინფლაცია შენარჩუნებულია მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში. მისივე თქმით, ფისკალურ პოლიტიკაში აქცენტი გამახვილებულია მიმდინარე ხარჯების შემცირების პოლიტიკის გაგრძელებაზე.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დაახლოებით მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლით იქნება მიმდინარე ხარჯების ზრდა გათვალისწინებული და აქ მოიაზრება პენსიის ზრდის ხარჯები, ასევ საპენსიო რეფორმისთვის საჭირო თანხები.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურაზე მიმართული ხარჯები შენარჩუნებულია საშუალოვადიან პერიოდში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 8-9%-ის ოდენობით, ხოლო მიმდინარე ხარჯები ეტაპობრივად მცირდება და 2022 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 20% -მდე ჩამოდის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტის დასკვნაში რამდენიმე რეკომენდაცია ჩაიწერება, მათ შორის, ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისთვის ფინანსებისა და რესურსების გამოყოფისა და ასევე, სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხების შესახებ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები.


შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროეტის და მისი თანმდევი პროექტების მეორე მოსმენისთვის, მუხლობრივად განხილვა დაიწყო.

კანონპროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები და გარანტიები, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

კანონპროექტით იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება. მის უფლებამოსილებაში შევა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში მოექცევა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ (გარდა ამავე კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.

კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას მომდევნი კვირაში, 19 ივნისის სხდომაზე გააგრძელებს.​

ტეგები