"მამაკაცს, რომელიც მარნეულში დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბოთლზე დასმით ემუქრებოდნენ"
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 18:01
"მამაკაცს, რომელიც მარნეულში დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბოთლზე დასმით ემუქრებოდნენ"

მამაკაცს, რომელიც მარნეულში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბოთლზე დასმით დაემუქრნენ. სკანდალური განცხადება "მაესტროსთან" ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა გააკეთა.

"ჯგუფური დანაშაულიდან გამომდინარე, რადგან რამდენიმე პიროვნება მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში, იყო სექსუალური მუქარაც. მუქარა წამოვიდა იქედან, რომ თუ ბოდიშს არ მოიხდიდა და ამას "ფეისბუქის" პირდაპირი ეთერით არ გაავრცელებდა, მას "ბოთლზე დასვამდნენ". ასეთი ხასიათის მუქარა იყო ყველა პიროვნების მხრიდან. მას შეეშინდა და ამიტომ დათანხმდა ბოდიშის მოხდას და შარდის დალევას",- განაცხადა ეკატერინე მიდოდაშვილმა.

დაზარალებული ამ დროისთვის რუსთავის საოლქო პროკურატურაშია. მან გამოძიებას უკვე მისცა დეტალური ჩვენება. მასთან ერთად პროკურატურის შენობაში ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი არიან. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის ფარგლებში პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია პარლამენტის წევრ აზერ სულეიამანოვის, მარნეულის საკრებულოს წევრისა და მარნეულის მერის ნათესავის წინააღმდეგაც.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს.