პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 18:33
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მან დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებს.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. 2015 წლის სექტემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის დეკემბრამდე – ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

ტეგები