​საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 20:01
​საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა. საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

კერძოდ, კონსტიტუციით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, რომელსაც თავის მხრივ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს, მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. ამასთან, კონსტიტუციით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამაც.

რაც შეეხება დამტკიცების პროცედურას, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები დარგების მიხედვით სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში წარადგენენ, რის შემდეგაც ისინი ნდობის მისაღებად პლენარულ სხდომაზე წარდგებიან.

პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგენს, თუმცა კითხვების შესაბამისად, პოლიტიკურ დებატებში ჩართვის უფლება მინისტრობის კანდიდატებსაც აქვთ. მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ტეგები