დედაქალაქის მერი მზიურის პარკში ღონისძიებას "ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" დაესწრო
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 22:48
დედაქალაქის მერი მზიურის პარკში ღონისძიებას "ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" დაესწრო

თბილისის მერიის ორგანიზებით, მზიურის პარკში ღონისძიება „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ გაიმართა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. 

დედაქალაქის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სტიქიის შედეგებზე ისაუბრა. 

„დღეს, მზიურის პარკში ის მძიმე დღეები კიდევ ერთელ გავიხსენეთ, რაც 13 ივნისის ტრაგედიასთან იყო დაკავშირებული. დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო. ახალგაზრდების როლი, სოლიდარობა იყო მნიშვნელოვანი, რაზეც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. სამი წლის წინ, მათთან ერთად მდგომი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ დედაქალაქზე პასუხისმგებელი ადამიანი ვიქნებოდი. დღესაც ახალგაზრდების გვერდით ვდგავარ. დარწუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ძალიან ბევრ რამეს შევძლებთ, როგორც რიგითი ადამიანები, მოხალისეები, მაშველები, ადამიანები, ვისაც ქალაქი უყვართ და აქვთ სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი, ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, - განაცხადა კახა კალძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით კი, თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და  მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება. 

ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნებიან. 

„13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ხელოვანების, მოხალისეების და ამიტომ დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც  თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ფოტოგამოფენა და ვიდეოჩვენება გაიმართა, რომელიც ასახავდა როგორც სტიქიის დღეს, მის შედეგებს, ასევე, მოხალისეების ჩართულობას ქალაქის გაწმენდის სამუშაოებში.   

ტრაგედიასთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელმა, სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციის, თბილსერვის ჯგუფის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა და მოხალისეებმა, რომელთაც ტერიტორიის მოწესრიგებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ფოტოგრაფები: ნინო ალავიძე, ალექს აფციაური, გია აბდალაძე, გიო მაჭავარიანი, დინა ოგანოვა, ერეკლე როსტომაშვილი, თინა კიღურაძე, ლაშა გიგაური, ლელი ბლაგონრავოვა, ნინუცა კაკაბაძე და ნოდარ ცხვირაშვილი.