თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 13:14
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს,12:00 ზე დაიწყება, – ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება.

„აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები. წელს თბილისის ბაღებში 3000 აღსაზრდელით მეტს ელოდებიან, რაც ჯამში 15 000 შეადგენს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, 11 ახალი საბავშვო ბაღი შემოდგომიდან დაიწყებს მუშაობას, ვინც ვერ მოახერხებს რეგისტრაციას, სააგენტო მათ საკითხს სექტემბრისთვის განიხილავს, ამისთვის მშობლებმა უწყებას უნდა მიმართონ”, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, მეორე ეტაპი 22 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება, სადაც შესაძლებელი იქნება დარეგისტრირდეს ყველა ის აღსაზრდელი, რომელიც პირველი ეტაპის კატეგორიას არ მიეკუთვნება.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კიდევ ცხრა ახალი ბაღის მშენებლობაზე გეგმავს ტენდერის გამოცხადებას, რომელთა მშენებლობაც მომავალი წლისთვის იგეგმება.

 

ტეგები