თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 13:55
თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს

მარნეულის დაკავებული მერი, თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ზვიად ასათიანმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

„თვითონ საკმაოდ მხნედ არის და იბრძოლებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად", - განაცხადა ზვიად ასათიანმა.

მარნეულის მერისა და სხვა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა რუსთავის სასამართლოს დღეს მიმართავს. თემურ აბაზოვის შემთხვევაში მთავარი საგამოძიებო უწყება ყველაზე მკაცრ ღონისძიებას - პატიმრობას მოითხოვს.

რაც შეეხება ბრალდებულ პარლამენტის დეპუტატს, აზერ სულეიმანოვს, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა გირაოს მოითხოვს. თემურ აბაზოვისა და სხვა ბრალდებულების საქმეზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება. მარნეულის მერის ინტერესებს ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და ზვიად ასათიანი იცავენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თემურ აბაზოვს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს.

ტეგები