პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად მამუკა ბახტაძის კანდიდატურაც განიხილება - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 16:54
პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად მამუკა ბახტაძის კანდიდატურაც განიხილება - არჩილ თალაკვაძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა.

„დღეს ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას, რომელიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. კანდიდატურებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.

განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმებია, ის რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიური განათლება, ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, გაუმკლავდეს, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა იმ მიმართულებით, რომელიც შეეხება სოციალურ საკითხებს, იმ შედეგებს, რაც ბოლო პერიოდშია ცნობილი.

მოწყვლად ჯგუფებთან არაერთი ოჯახი ისევ რჩება სიღარიბის პირისპირ, ჩვენი მოლოდინია, რომ ახალ სამთავრობო გუნდს ექნება აქტიური სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, – განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, თალაკვაძე პასუხობს: „ეს იყო პრეზიდენტის ვარაუდი, ამ შემთხვევაშიც, მისი პოლიტიკური პროგნოზი მცდარია“.

რაც შეეხება სამთავრობო გუნდს, მისი თქმით, მთავარია უპირველესად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე შეთანხმება მოხდეს და სამთავრობო გუნდის ცვლილებაზე მსჯელობა შემდეგ დაიწყება.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის გაფართოებული სხდომა იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

 

ტეგები