თემურ აბაზოვი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 21:13
თემურ აბაზოვი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თემურ აბაზოვის ადვოკატებმა 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტები არ გაიზიარა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აგვისტოს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურორები აცხადებდნენ, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს საქართველოდან წასვლას აპირებდა. მათი თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას იმის გამო ითხოვს, რადგან არსებობს საფრთხე, აბაზოვი გამოძიწებას მიემალოს.

პროკურორმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შემთხვევაში, თემურ აბაზოვი მერის თანამდებობას მოწმეებზე ზეწოლას შეეცდება. მისივე თქმით, აბაზოვი სოციალური ქსელებიდან სკანდალური ვიდეოჩანაწრების წაშლასაც შეეცადა, რათა გამოძიებას ხელი შეშლოდა.

საქმის პროკურორმა ასევე თქვა, რომ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს სახეში დაარტყა და შეაფურთხა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვით ბოდიშის მოხდა აიძულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანა ტანში ბოთლის მეშვეობით სექსუალური ძალადობით დაემუქრა. პროკურორის მტკიცებით, ჭიქაში მოშარდვაც და ფეკალური მასალით სახის დაბანა დაზარალებულს აბაზოვმა მოსთხოვა.

ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ იზიარებდნენ და თემურ აბაზოვის 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სხდომას ბრალდებული თემურ აბაზოვიც ესწრებოდა. ის ბრალს არ აღიარებს. აბაზოვმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებისთვის ხელის შეშლას არ აპირებდა და მაქსიმალურად შეეცდებოდა საქმის საბოლოოდ გარკვევას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თემურ აბაზოვს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტეგები