საგამოძიებო კომისიში მომდევნო კვირას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმენენ
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2018 15:36
საგამოძიებო კომისიში მომდევნო კვირას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმენენ

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მომავალ კვირას დაზარალებულ ოჯახებს სარალიძესა და დადუნაშვილს მოუსმენს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ანრი ოხანაშვილმა აცხადებს, კომისიას შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სასამართლოდან მასალები დროულად გადაეგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიზანია, საქმეზე გონივრულ დროში ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მზაობა ჩანს, რომ კომისიის საქმიანობას საფრთხე არ შეექმნას და ოპერატიულად იმუშაოს.

„ამას ისიც უზრუნველყოფს, რომ მასალები ოპერატიულად გადმოგვეცა. მომავალ კვირას კომისიის სხდომებს ვგეგმავთ. მესამე სხდომაზე მოწვეული არიან დაზარალებული ოჯახები სარალიძე, დადუნაშვილი და მათი ადვოკატები. პირველად დაზარალებულ ოჯახებს მოვუსმენთ და მათთან გასაუბრება გვექნება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მანამდე საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე დასაკითხი პირების სია გამოაქვეყნა.

11 ივნისს საგამოძიებო კომისიას ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას ზაზა სარალიძე შეხვდა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
 

ტეგები