„ნაცვლად განტვირთვისა, დასტრესილები წამოვედით“ - გორელი მაყურებლის პროტესტი სპექტაკლში გაჟღერებული გინების გამო
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2018 11:56
„ნაცვლად განტვირთვისა, დასტრესილები წამოვედით“ - გორელი მაყურებლის პროტესტი სპექტაკლში გაჟღერებული გინების გამო

გორში გამართულ საერთაშორისო კომედიურ თეატრალურ ფესტივალს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. დასკვნით ღონისძიებაზე სამეფო უბნის თეატრის დასის მიერ წარდგენილი ,,დემონები“ გაკიცხვის საგანი გახდა. დარბაზი ათეულობით ადამიანმა დატოვა. ამის მიზეზი, მათი შეფასებით, უხამსი სიტყვები და კულტურული საზოგადოებისათვის შეუფერებელი მოქმედებების ჩვენებები გახდა, – ინფორმაციას ამის შესახებ qartli.ge ავრცელებს.

კომედიის ფესტივალის დასკვნით საღამოზე ,,დემონების“ წარდგენის ფაქტი არ მოეწონა გორის მერს კოტე თავზარაშვილს, თუმცა სპექტაკლზე ბოლომდე დარჩა. დარბაზი, მოქალაქეების გარდა, მისმა მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმაც ოჯახის წევრებითურთ, დატოვა. გორის მერი ამბობს, რომ ეთანხმება გორის კულტურული საზოგადოების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს:

,,მოგეხსენებათ, დასკვნით ღონისძიებას გორის კულტურული საზოგადოება ესწრებოდა და თავისთავად დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ უხამსმა სიტყვებმა და ქმედებებმა, რაც წარმოდგენილი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ დასკვნითი სპექტაკლი რუსთაველის თეატრს უნდა წარედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და სამეფო უბნის თეატრის დასი ჩამოიყვანეს. ახალგაზრდული თეატრი ყოფილა და, როგორც გვითხრეს, მათი სპექტაკლი თბილისში ანშლაგით ტარდება.“ – აცხადებს გორის მერი კოტე თავზარაშვილი.

მისი განცხადებით, ფესტივალის მენეჯერს მერიისთვის წინასწარ არ შეუთანხმებია რეპერტუარი. ,,ამ კუთხით, მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ რეპერტუარის თაობაზე საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ შესაბამისი სამსახური,“ – აცხადებს კოტე თავზარაშვილი.

გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ,,დემონებს“ ფსიქოლოგიურ და რთულად შესასრულებელ სპექტაკლად თვლის, თუმცა ფესტივალის დახურვის საცერემონიო ჩვენებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.

,,იქ მაყურებელი სულ სხვა განწყობით მივიდა. ელოდა განტვირთვას, კომედიურ ჟანრს. ფესტივალის მიზანი ეს იყო: დაუბრუნეთ ღიმილი ნაომარ ქალაქს. მაგრამ რაც იქ მოვისმინეთ და ვნახეთ, ეს იყო შეურაცხყოფა მაყურებლის წინაშე. არ შეიძლება ასმენინო უხამსი სიტყვები ადამიანებს, რომლებიც იქ ოჯახის წევრებთან ან მშობლებთან ერთად არიან მისულები. ნაცვლად განტვირთვისა და მხიარულებისა, დასტრესილები წამოვედით. არაჩვეულებრივი სპექტაკლია თავისი შინაარსით, მანკიერი მხარეების ჩვენებით, მაგრამ თეატრი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. პირიქით, უნდა ვასწავლოთ ხალხს ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და არა ის, რაც ვნახეთ“- ამბობს ეკატერინე სუხიშვილი.

ტეგები