სტუდენტები, რომლებიც საზაფხულო სკოლის კურსს აქ გაივლიან, უფრო მოტივირებულნი იქნებიან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას - გუგული მაღრაძე
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2018 13:55
სტუდენტები, რომლებიც საზაფხულო სკოლის კურსს აქ გაივლიან, უფრო მოტივირებულნი იქნებიან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას - გუგული მაღრაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „ რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნა.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ მიმართა.

გუგული მაღრაძის ინფორმაციით, თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მესამედ ტარდება საზაფხულო სკოლა რეგიონული უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე.

„საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალობაზე სწავლობენ. ისინი ისმენენ ხუთკრედიტიან კურსს. ლექცია-სემინარებს ცნობილი ქართველი მეცნიერები და ექსპერტები ატარებენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

ლექცია-სემინარებზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: საქართველო და ნატო, საქართველო და ევროკავშირი, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი, რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის უფლებები რეგიონში, გარემოსდაცვითი პრობლემები სამხრეთკავკასიაში, რეგიონის განვითარების ეკონომიკის გამოწვევები, რელიგიის როლი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. სტუდენტები ლექცია-სემინარებს 3 კვირის განმავლობაში მოისმენენ.

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, სტუდენტებისთვის მომზადებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმოგზაურებენ და ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას გაეცნობიან.

„სტუდენტები, მომავალში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ისეთ სამსახურებში დასაქმდებიან, რომელსაც შესაძლოა, პირდაპირი მიმართება ჰქონდეს რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებთან. მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ის დადებითი დამოკიდებულება, რაც საქართველოს მიმართ შეუმუშავდებათ, მეტი გარანტიაა, რომ ისინი უფრო ღია, უფრო მონდომებულნი იქნებიან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხების გადაწყვეტისას“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ტეგები