პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მხარდამჭერი აქცია დაიწყო
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 15:15
პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დაიწყო. მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე. ის პანკისში აქციას ესწრება. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.
 
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასა და სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.
 
იმ შემთხვევაში თუ პანკისელების პროტესტს ხელისუფლება არ გათვალისწინებს, აქციებს თბილისში გამართავენ.
 
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
 
მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
 
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში.
 
სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

ტეგები