"საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დღის წესრიგის და ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის ერთგულია” - დავით ზალკალიანი
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 15:48
"საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დღის წესრიგის და ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის ერთგულია” - დავით ზალკალიანი

„საქართველოს მთავრობა ერთგულია ევროკავშირის დღის წესრიგის, ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის და ვიწყებთ სრულიად ახალ ფორმატს, რომელიც თანმიმდევრულად ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ეს იქნება უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით განხორციელდება, ეს იქნება წელიწადში არანაკლებ ერთხელ და ზედამხედველობას გაუწევს საერთო პრიორიტეტის მქონე დარგებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე - „ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ჩათვლით, თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ასოცირების დღის წესრიგი და ბუნებრივია ამ მიმართულებით ჩვენი კონცენტრაცია იქნება ძალიან აქტიური”. 

დავით ზალკალიანმა ასევე ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. 

„2017 წლის 28 მარტიდან დღემდე 300 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა ამ სიკეთით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც არის არამარტო ტექნიკური, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ მონაპოვარს სჭირდება გაფრთხილება და ამ მიმართულებითაც ჩვენ ძალიან პროაქტიულად ვსაქმიანობდით და მომავალშიც გავაგრძელებთ საქმიანობას, რადგან არ დადგეს ევროკავშირის მხრიდან შეჩერების მექანიზმის ამოქმედება” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი ფორმატების შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით ამის ნათელი დადასტურებაა ახლად ჩამოყალიბებული უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი, რომლის ფარგლებში განიხილება როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობები ასევე საერთო გლობალური გამოწვევები და მათთან ბრძოლის გზები.

„ჩვენ ასევე ვაგრძელებთ აქტიური მონაწილეობის მიღებას “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ახალი არქიტექტურის ფარგლებში ორგანიზებულ მრავალმხრივ ღონისძიებებში, კოორდინაციას ვუწევთ 2020 წლისთვის პარტნიორობის ფარგლებში დასახულ 20 მიზნის შესრულებას. ამის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინება გახლავთ ის, რომ იგეგმება ფუნქციონირება დაიწყოს ევროპულმა სკოლამ, სადაც სწავლის შესაძლებლობა ექნებათ ასევე “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნის სკოლის მოსწავლეებსაც” - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ვრცლად ისაუბრა საგზაო რუკის შესახებ, რომელიც მისი თქმით საქართველოს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. დავით ზაკლალიანის განცხადებით ამისთვის მაქსიმალურად იქნება გამოყენებული როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები, ასევე ახალი შესაძლებლობები.

„გადავედით უკვე აქტიურ ფაზაში ამ საგზაო რუკის მექანიზმებზე, მექანიზმების შემუშავებაზე, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და შემდგომი ნაბიჯებიც ბუნებრივია ამ მიმართულებით იქნება ძალიან აქტიური, რათა ჩვენ განვსაზღვროთ ის გზები, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ფუნქციონალურად ევროკავშირთან, ასევე განვსაზღვროთ ის შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკა” - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა სამინისტროში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ სამინისტროში ჩამოყალიბებული ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი შესაბამისობაშია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნების გამოცდილებასთან, რაც მისი თქმით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსთვის ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელობას.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის უფრო ეფექტურად კოორდინაციის მიზნით, ასევე ფუნქციონირება დაიწყო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების  მონიტორინგის ელექტრონულმა სისტემამ.

ტეგები