კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 17:03
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის  კანდიდატ ლევან დავითაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ გიორგი ჩერქეზიშვილს და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ნიკოლოზ გაგუას მოუსმინეს.
 
მინისტრობის კანდიდატებმა გამოსვლებში ყურადღება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა (სამთავრობო პროგრამა 2018-2020წ.)“ -იმ მიმართულებებზე გაამახვილეს, რომლებიც მათი სამინისტროების მოქმედების სფეროებს ეხება.
 
„ადამიანი და მასზე ზრუნვა იყო და იქნება მთავარი ღირებულება. ამიტომ, სამინისტროს უმთავრესი ამოცანა იქნება რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა და იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი თანამოქალაქეების ღირსეული ცხოვრების წესებს, პირობებს და მათ კეთილდღეობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2013-2017 წლების განმავლობაში მხოლოდ სამინისტროს ბიუჯეტიდან განვითარების პარტნიორობის  სახსრების ჩათვლით, გახარჯულია 5 მლრდ 300 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო 2018 წლისთვის ბიუჯეტი  1 მლრდ. 900 მლნ. ლარს შეადგენს.
 
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეგიონებში გამოწვევად რჩება მოსახლეობის გამართული წყალმომარაგება,  უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მდგომარეობა, სპორტულ და კულტურულ ინფრასტრუქტურაზე წვდომა და ა.შ.
 
„სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების მზარდ დაფინანსებას, თუმცა მოსახლეობის მზარდი საჭიროებების უფრო სწრაფად დაკმაყოფილებისთვის, საჭიროა ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდა და ამ შემოსავლებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც. აღნიშნულის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების მდგრადი განვითარების წახალისებით. ამდენად, მთავრობის გუნდის და ჩვენი სამინისტროს ამოცანად დარჩება თითოეული რეგიონის საჭიროების  პოტენციალის სწორი განსაზღვრა, ამ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების და ქმედებების განხორციელება, მათ შორის, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელებიც უზრუნველყოფს რეგიონის პოტენციალის სრულ წარმოჩენას, ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობას და იქ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მინისტრობის კანდიდატმა სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების, გეგმების, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
 
მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება სამთავრობო პროგრამის იმ ნაწილზე გაამახვილა,  რომელიც გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობის სფეროებს მოიცავს. მისი განცხადებით, გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
 
როგორც მინისტრობის  კანდიდატმა აღნიშნა, მთავრობა გააგრძელებს გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის განვითარების აქტიურ პოლიტიკას, რომლის მიზანიც მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის  წარმოების სტაბილური ზრდა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება იქნება. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო, მთავრობასთან ერთად, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების მიმართულებით.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვაზე, მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა.
 
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა, რომელიც სამთავრობო პროგრამაშია წარმოდგენილი, კვლავ დაეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი, განსაკუთრებით კი- მცირე და საშუალო ბიზნესი, არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამისთვის, აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივი წარმოების განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით. განვითარდება ახალი საკრედიტო-საგარანტიო ინსტრუმენტები“, - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
 
მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად,  შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას.
 
როგორც მომხსენებელმა  აღნიშნა, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, ტურისტული ჰაბის ჩამოყალიბება. მისი განმარტებით, ეს  მოგვცემს როგორც ქვეყნის შიდა, ისე რეგიონალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვან მონაწილეობის შესაძლებლობას. 
 
მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრეს პრინციპად დარჩება ვაჭრობისადმი გახსნილობა. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით, ქართულ ეკონომიკაში  ექსპორტის ხელშეწყობის, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდის კუთხით მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შეიქმნა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ექსპორტის განსავითარებლად საქართველო კვლავაც განახორციელებს რეგიონში ვაჭრობის განვითარების პოლიტიკას და ხელს შეუწყობს საქართველოს მეწარმეებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობისას ხელოვნური ბარიერების აღმოფხვრაში.
 
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გიორგი ჩერქეზიშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა დაასახელა, რაც, მისივე თქმით, ქვეყანაში სტანდარტებს გააუმჯობესებს და ცხოვრების დონეს აამაღლებს. 
 
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარების მიზნით, გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ლოგისტიკური სერვისების განვითარების, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით  სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის მიხედვით.
 
მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და  ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე, გაგრძელდება მუშაობა ინოვაციური ეკოსისტემის გასაძლიერებლად. რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებას, მომხსენებლის განმარტებით, ამ კუთხით, აქცენტი  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე გაკეთდება. მისივე თქმით,  ტურიზმის პოლიტიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს გადაქცევა ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად.
 
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ქვეყნის ფისკალური მმართველობის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას ემსახურება. მისი თქმით, სამინისტროს გუნდი ორიენტირებულია რეფორმებზე, მათ წარმატებით განხორციელებასა და აღნიშნული რეფორმების კონკრეტულ შედეგებზე. „ყველა ეს რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას, რომელიც ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მყარ ფუნდამენტს ეკონომიკაში“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. 
 
მისივე განცხადებით, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე.
 
„2018-2022 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავს მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციას და გამოთავისუფლებული სახსრების მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის. ძირითადი დაფინანსება მიემართება იმ პროექტებზე, რომლებმაც უნდა შექმნას ქვეყანაში ახალი საგზაო ხერხემალი და რომელზეც უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსების წყაროები სრულად არის მოძიებული ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.
 
მაია ცქიტიშვილმა, ლევან დავითაშვილმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ  დეპუტატთა კითხვებსაც უპასუხეს.
 
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ცალკეულმა კომიტეტებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ტეგები