ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად მომზადებულ კანონპროექტებს
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 17:21
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად მომზადებულ კანონპროექტებს

ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის.

კანონპროექტები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გააცნო.

მისი თქმით, ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომლის დასაძლევად ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების არსებობაა აუცილებელი. მიუხედავად ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისა, განმეორებითი ძალადობის პრევენციისთვის საკმარის ყველა საჭირო ინსტრუმენტს ჯერ კიდევ არ შეიცავს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელმა ცვლილებებმა შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის, ასევე ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოძალადეთა მიმართ ქმედების შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება უნდა უზრუნველყოს. 

„ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ერთ-ერთი ნაბიჯი  1751   მუხლში ცვლილების განხორციელებაა. ამ ცვლილების შემდეგ, პირს, რომელიც დაარღვევს შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობებს, დაეკისრება პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნაცვლად ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობისა“, - განაცხადა მომხსენებელმა. 

სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ივლიანე წულაიამ განმარტა, კანონპროექტის მიზანია, მოხდეს ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის მიღებისათვის დაწესებული კრიტერიუმების დახვეწა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული მიიღწევა როგორც ფინანსური ზღვარის აწევით, აგრეთვე ნებართვის გაცემის საფუძვლების შენარჩუნების კონტროლის მექანიზმის შემოღებით, რაც დღეისათვის არ არსებობს. მიგვაჩნია, რომ ეს ფინანსური ცენზი უძრავი ქონების შემთხვევაში უნდა აიწიოს და იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარს, ხოლო ინვესტიციის შემთხვევაში კი იგი უნდა იყოს არანაკლებ 300 000 აშშ დოლარისა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

ტეგები