კალაძე მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2018 12:23
კალაძე მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს. მარათონი „თბილისი“ დედაქალაქში 24 ივნისს, პირველად გაიმართება და სტარტს ვაკის პარკში აიღებს. მონაწილეები რეგისტრაციას 09:00 საათიდან 09:30 საათამდე ადგილზევე გაივლიან.

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს სექტორს, პოლიტიკოსებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ერთად შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში უახლოეს დღეებში არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიება იგეგმება.

„22 ივნისს იწყება ფესტივალი TBILISI OPEN AIR, რომელიც 24 ივნისის ჩათვლით ლისის ტბაზე ჩატარდება. ასევე, 22 ივნისს, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან გაიმართება მერიის ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელებისა და პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვებული, ბიჭუნათა კაპელას კონცერტი; 22 ივნისიდან მეტროსადგურთან "თავისუფლების მოედანი" ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლების ღია ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა გექნებათ და ეს ღონისძიება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთან, 23 ივნისს სპორტული ღონისძიებები ლისის ნაცვლად კუს ტბაზე გაიმართება, ვინაიდან სპორტული სამყარო, საერთაშორისო ოლიმპიელთა დღეს აღნიშნავს. 23 ივნისსვე, 19:00 საათზე, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 9 აპრილის ბაღში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი, გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართება. 24 ივნისს, ვერის ბაღში, 20:00 საათზე გვექნება ღია კინოთეატრი „თბილისის ცის ქვეშ“ - მხატვრული ფილმი „სინემა პარადისოს“ ჩვენება გაიმართება.

შემდეგი კვირიდან ჩვენი ღია კინოთეატრი ათივე რაიონში გამართავს კინო ჩვენებებს და ასევე სხვადასხვა რეჟისორებთან შეხვედრებს. ამასთან, 24 ივნისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, დედაენის ბაღში TBILISI FLEA MARKET გაიმართება. ამავე საღამოს ვაკის პარკში „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი ჩატარდება.

აღნიშნული ღონისძიებები ყოველკვირეულად, პარასკევს, შაბათს, კვირას სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართება. დედაქალაქის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თბილისში არის კონკრეტული ადგილები, სადაც უქმეებზე რაღაც საინტერესო ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ისიამოვნოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტეგები