დიმიტრი ხუნდაძე და ლევან კობერიძე იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2018 19:25
დიმიტრი ხუნდაძე და ლევან კობერიძე იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები - დიმიტრი ხუნდაძე და ლევან კობერიძე, იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველ ლუიჯი ფერარისთან და იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ადიქციის, დოპინგისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დირექტორატის ხელმძღვანელ ლალიანა ლა სალასთან გამართა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და მისი დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, იტალიაში განხორციელებული რეფორმის წარმატებული გამოცდილების გაზიარება იყო.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა რჩება.

შეხვედრაზე, ასევე, ნარკოპოლიტიკის შესახებ იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებასა და ნარკოდამოკიდებულ პირებში ფსიქიკური აშლილობის ტენდენციებზე ისაუბრეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, არსებული ვითარება გამოწვევად რჩება როგორც საქართველოსთვის, ასევე იტალიისთვის.

„იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვაცნო იტალიაში 1972 წლიდან ფსიქიკური ჯანდაცვის სექტორში დაწყებული სამართლებრივი რეფორმები, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. ვისაუბრეთ ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკაზე, მულტი-სერვისებით აღჭურვაზე, დეცენტრალიზაციაზე, სერვისების მონიტორინგსა და რეჰოსპიტალიზაციის საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით, ბოლო წლებში არაერთი პოზიტიური ცვლილება განვახორციელეთ, სისტემას სერიოზულ რეფორმირება სჭირდება. იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან აღნიშნული ყველა საკითხი განვიხილეთ და საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შემდგომ განვითარებასა და ონკოლოგიური ცენტრის კონკრეტულ პერსპექტიულ გეგმებზეც ვისაუბრეთ” - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კობერიძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის წარმატებული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია სისტემის რეფორმირებისთვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ეს კი აუცილებელია სისტემის რეფორმირებისათვის გაბედული ნაბიჯების დასაგეგმად",- აღნიშნა ლევან კობერიძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა, და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი ირმა ხაბაზი შედიან.



 

ტეგები