გიგი წერეთელმა ეუთოს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2018 19:40
გიგი წერეთელმა ეუთოს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ელჩებს შეხვდა. შეხვედრის განსახილველ თემებს საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო რეფორმების მიმდინარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების არსებული მდგომარეობა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო და ეუთო აქტიურად თანამშრომლობენ, რასაც მოწმობს ორგანიზაციის მიერ მიღებული არაერთი რეზოლუცია. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის კრიზისი, სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრობლემატიკა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებიც მიმოიხილეს.

გიგი წერეთელმა ეუთოს დიპლომატებს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე ინფორმაცია მიაწოდა და ბერლინში, 7-11 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, აღნიშნული რეზოლუციის მიღების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს თემატიკასთან ერთად, შეხვედრაზე მხარეები ეუთოს პრიორიტეტებს, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ადამიანის უფლებების საკითხს და ეკონომიკურ განზომილებებსაც შეეხნენ.

სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საქართველოში მყოფი ეუთოს 30-მდე ელჩი, შეხვედრის დასრულების შემდეგ გორის რაიონის, სოფელ სობისში გაემგზავრნენ. უცხოელი დიპლომატები ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან და ეუთოს მიერ დაფინანსებულ, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დაათვალიერებენ.

ტეგები