სინოდის ხვალინდელ სხდომაზე შესაძლოა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2018 20:12
სინოდის ხვალინდელ სხდომაზე შესაძლოა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ

სინოდის ხვალინდელ სხდომაზე შესაძლოა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მას აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ხვალ სამღვდელოების ერთი ნაწილი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მოკვლევას ატარებდა, დეკანოზის შესაძლო დანაშაულზე საკუთარ შეფასებას სინოდის წევრებს გააცნობს. რამიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ერთმა ჯგუფმა ასევე მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაც მოითხოვოს. 

„ხვალ არის სხდომა და მე როგორც ვიცი კულუარულად, ერთ-ერთი საკითხი სავარაუდოდ იქნება მამა გიორგის საქმე. წინა შეხვედრაზე თითქოსდა კომისია შეიქმნა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა რაღაც მოკვლევა. თუ ისინი მხოლოდ იმას დაეყრდნობიან, რაც პროკურატურამ თავიდანვე თქვა, არ ვიცი. ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მათ უნდა გაეკეთებინათ შეფასება იმაზე, რამდენად რეალურად იყო დანაშაულის ჩადენაში მხილებული მამა გიორგი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ დეკანოზთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზი და მეუფე საბა იმყოფებოდნენ. გამორიცხული არაა, რომ დეკანოზმა მეუფეებს სინოდის წევრებთან გარკვეული მოსაზრებები და თხოვნები გადასცა. 

ტეგები