ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ნაცნობობით ბავშვების დარეგისტრირება - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 17:23
ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ნაცნობობით ბავშვების დარეგისტრირება - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროტექციით ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება.

კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც მიმართა.

"ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მინდა პირდაპირ ვუთხრა: არავინ გაბედოს არც სააგენტოში და არც მერიაში ვინმეს პროტექციონიზმის განხორციელება. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხალხს მისი იმედი აქვს და საზოგადოების ამ დამოკიდებულებას არ უღალატებს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყველა ბავშვის უფლებებისთვის ერთნაირად იბრძოლებს.

"არსებობს რაღაც პრინციპები. მე ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. შესაბამისად, არავის მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მინისტრი ან სხვა თანამდებობის პირი ნაცნობი არ ჰყავს. ყველა ბავშვი -ჩემი თუ სხვისი - არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ადამინებს ჩემი იმედი აქვთ და საზოგადოების ჩემდამი ამ დამოკიდებულებას ძალიან ვუფრთხილდები. ამიტომ არავინ გაბედოს რაიმე ნაბიჯის არასწორად გადადგმა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

2018-2019 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 18 ივნისიდან დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. რეგისტრაციის მეორე
ეტაპი 21 ივნისს, 12:00 საათიდან დაიწყება.

ტეგები