ვაკის რაიონში სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 18:16
ვაკის რაიონში სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, ფერმწერთა ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩამდე, სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გაგი ბუაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში, 800, 1000 და 1200 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილები ჯამში, 1572 მეტრის სიგრძეზე ეწყობა. სამუშაოების ჩატარების
აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა და ძლიერი წვიმის დროს
მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა.

თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემა იყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებდა. ერთი, რომ სანიაღვრე არ არსებობდა და მეორე, რომ კანალიზაცია არსებულ სანიაღვრეში ჩაედინებოდა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მინდა, GWP-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი საკანალიზაციო ქსელს აწესრიგებენ. მთლიანად ახალი, რეაბილიტირებული სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. სამუშაოების
დასრულების შემდეგ, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი
დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე გაეცნენ. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს „კაპიტელი“ აწარმოებს, რომლის ღირებულება 1 063 376 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო და ივლისში დასრულდება.

ტეგები