იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილა
ამობეჭდვა · 22 / 06 / 2018 10:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილა

იურიდიულ საკითხტა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრმა ნინო გოგუაძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღება გამოწვეულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულ საკითხების ნაწილზე მომზადდებოდა შესაბამისი ცვლილებები.

„კანონპროექტი ძირითადად დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დაზუსტებასთან. ნაწილობრივ ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია, თუმცა შეიცავს შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებსაც“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად:

·        საქართველოს საარჩევნო კოდექსის ტერმინთა განმარტებებს ემატება ,,არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების“ ცნება. პროექტის თანახმად, არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობა დადგინდება საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;

·        ზუსტდება ჩასატარებელი არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის საარჩევნო ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები და იგი აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

·        აიკრძალება ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსით;

·        პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ცესკოს/საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად 4 წლის განმავლობაში, ნაცვლად 8 წლისა; 

·        ცესკოს ენიჭება უფლებამოსილება, დადგენილებით განსაზღვროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები;

·        დაუშვებელია ცესკოს აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. იმ საშტატო ნუსხას, რომელზეც ეს მოთხოვნები არ ვრცელდება ცალკე ადგენს ცესკო;

·        განისაზღვრება შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების მიერ პირის საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას, საბუთებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურები და ვადები;

·        მოქმედი კანონმდებლობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა აკრძალულია კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე. პროექტით შემოთავაზებულია კომისიის წევრის გამოწვევა აიკრძალოს არა მარტო კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე, არამედ თვით კენჭისყრის დღესა და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს;

·        შემოთავაზებული ცვლილებით, ამომრჩეველთა სიის/მონაცემების გადამოწმების/ცვლილების შეტანის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი საჭიროების არსებობისას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიას;

·        ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 18 წელი იქნება;

·        ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციისათვის წესდების/სადამფუძნებლო დოკუმენტის ნაცვლად მოხდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა , ხოლო ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ცესკოს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით;

·        საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის წარდგენის ვალდებულება დაეკისრებათ

ტეგები