გვჭირდება პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი, სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია - პრემიერი
ამობეჭდვა · 27 / 06 / 2018 16:06
გვჭირდება პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი, სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია - პრემიერი

„სიღარიბის დამარცხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს. თუ ჩვენ გვინდა განვითარებული ეკონომიკა გვქონდეს, როგორსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამისთვის გვჭირდება პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი. მოდელი, სადაც თქვენი კონტრიბუცია იქნება წამყვანი და სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს თავის თავის რეალიზაციას ჩვენივე სამშობლოში, საქართველოში. თუ ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ იმას, რომ, დაახლოებით, ორნიშნა ციფრი იყოს ჩვენს ეკონომიკაში განათლების სექტორი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შემდეგი გრძელვადიანი პერსპექტივის, ათეული წლების განმავლობაში აუცილებლად შევალთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განაცხადა, სადაც დღეს ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

მამუკა ბახტაძემ წლევანდელ კურსდამთავრებულებს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება განათლების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოში თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება.

„მე ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოში. იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს წასვლა საკუთარი თავის თვითრეალიზაციისა და პოტენციალის რეალიზაციისა საზღვარგარეთ,“- მიმართა პრემიერმა ახლაგაზრდებს.

მამუკა ბახტაძის ახალგაზრედებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრემიერისთვის კითხვები დაესვათ და საკუთარი ინიციატივები გაეჟღერებინათ.
 

ტეგები