ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები ჰონგ კონგის ნავსადგურში იმავე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ჰონგ კონგის გემები
ამობეჭდვა · 28 / 06 / 2018 16:31
ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები ჰონგ კონგის ნავსადგურში იმავე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ჰონგ კონგის გემები

ჰონგ კონგის ნავსადგურში თავისუფალ შესვლასთან, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და დამხმარე საზღვაო მომსახურების გამოყენებასთან, ასევე მასთან დაკავშირებულ საფასურებთან და გადასახდელებთან, საბაჟო საშუალებებთან და დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ნავმისადგომისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფასთან დაკავშირებით ისარგებლებენ იგივე პირობებით, როგორითაც სარგებლობენ ჰონგ კონგის  გემები -  ამას ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც 28 ივნისს, საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მოაწერა.
 
„საქართველო პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ქვეყნის ღია ბაზრის, ლიბერალური ეკონომიკისა და სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველო არის რა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული წევრი, თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიებით სარგებლობს ევროკავშირთან, EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ახლა უკვე ჰონგ-კონგთან.
 
„ბიზნეს-მეგობრული პოლიტიკა, ძლიერი რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები და გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა - ეს ის ფაქტორებია, რის გამოც საქართველო რეგიონში ინვესტირებისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი ქვეყანაა,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
 
მომსახურების სფეროში შეთანხმების პირობების შესაბამისად, საქართველოსთვის მიმზიდველია ტურიზმის სექტორი და ასევე სატრანსპორტო მომსახურება საზღვაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით. ჰონკონგი ამ ორივე მომსახურების მნიშვნელოვანი იმპორტიორია. ის ფაქტი, რომ შეთანხმების პირობების თანახმად, ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები ჰონგ კონგის ნავსადგურში იმავე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ჰონგ კონგის გემები, უპრეცედენტოა ჰონგ კონგსა და სხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმებებისგან განსხვავებით, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ქართული დროშის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
 
წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.  მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.