მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიაში დღეს დანაშაულის უშუალო გამომძიებელი გამოკითხება
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2018 10:15
მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიაში დღეს დანაშაულის უშუალო გამომძიებელი გამოკითხება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდებიან. დღის მეორე ნახევარში  კი გაიმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც მოზქარდების მკვლელობის საქმის უშუალო გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას ახსნა-განმარტებას მოისმენენ. ფიფია ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

ამასთან, კომისიის წევრები კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციებზე იმსჯელებენ. როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, შეგროვდა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. მისივე თქმით, ცალკე უნდა გამოიყოს საქმე, კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის - გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის 2 მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომიიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო. 

ტეგები