საგამოძიებო კომისია ორშაბათს ზვიად კუპრავას დაკითხავს
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2018 15:10
საგამოძიებო კომისია ორშაბათს ზვიად კუპრავას დაკითხავს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ორშაბათს უფლებადამცველ ზვიად კუპრავას დაკითხავს. მასთან ერთად კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს დაიბარებენ. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ორშაბათსვე, კომისია უკვე მომზადებულ 2 რეკომენდაციაზე იმსჯელებს, რომელთაგან ერთი გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას გულისხმობს და მეორე - მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყებას.

ტექნიკური საკითხების შეთანხმებამდე, საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს სახალხო დამცველის მოადგილეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება ზვიად კუპრავასთან ერთად დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. ამავდროულად, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 17 წევრისგან შედგება.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის და უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტეგები