რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზარი“ გაიმართა
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2018 23:27
რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზარი“ გაიმართა

რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - „თბილისური ბაზარი“ გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, რიყის პარკში ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე ჩატარდება.

„თბილისური ბაზარი“, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სავაჭრო სივრცე იქნება, სადაც მონაწილეობის მიღება თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს შეუძლიათ. გამოფენა-გაყიდვაზე დედაქალაქში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა - აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმია წარმოდგენილი.

„თბილისური ბაზრის“ პირველ გამოფენა-გაყიდვაზე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღონისძიება სავარაუდოდ, შემოდგომაზე კვლავ ჩატარდება.

„თბილისური ბაზრის“ ფარგლებში, დღეს პირველი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყოველ შაბათს ჩატარდება. ღონისძიება ივლისის ბოლომდე გაგრძელდება, სადაც დარეგისტრირება ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია. ვფიქრობთ, გამოფენა-გაყიდვა ისევ გავაგრძელოთ და სავარაუდოდ, შემოდგომაზე, ამ ან სხვა ლოკაციაზე ღონისძიება შეიძლება კვლავ ჩატარდეს. მოვუწოდებ ყველას, ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე რიყის პარკში მოვიდნენ, რათა ადგილობრივი მეწარმეების ნივთები შევიძინოთ და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოვახდინოთ“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიების - „კულტურული ღამის ტურები საქართველოში“ პარალელურად გაიმართა, სადაც ადგილობრივ სტუმრებსა და ტურისტებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის „სუხიშვილებისა“ და ანსამბლ „თეატრალურის კვარტეტის“
კონცერტს დასწრებოდნენ.

ტეგები