სალომე ზურაბიშვილი - საგამოძიებო კომისია არ მუშაობს სერიოზულად
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2018 14:34
სალომე ზურაბიშვილი - საგამოძიებო კომისია არ მუშაობს სერიოზულად

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისია არ მუშაობს სერიოზულად.

მისი თქმით, კომისია საქმის გამოსაძიებლად შეიქმნა და არა არსებული მასალების გასაანალიზებლად.

„მე ვეყრდნობი იმას, რომ ჩვენ ჯერ არაფრისთვის მზად არ ვართ. ჩემი აზრით, ეს კომისია არ მუშაობს სერიოზულად. ის, რომ დღეს ჩვენ ამდენ დროს ვხარჯავთ ნახევრად პოლიტიკურ და იურიდიულ დებატებში იმ დროს, როცა მთავარი მოწმეები ჯერ არ არიან დაკითხული. რამდენიმე დღეა, სულ ამას ვკითხულობ, როდის დაიკითხებიან ეს არასრულწლოვნები იმ ფსიქოლოგის მიერ, რომელთანაც შევთანხმდით. ეს არის მთავარი ჩვენი საქმე, რისთვისაც შეიქმნა კომისია. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს საქმე წარმოჩინდეს როგორც ჩვენი სერიოზული ნამუშევარი. საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ გამოიძიოს და არა იმისთვის, რომ გააანალიზოს არსებული მასალები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კომისიის პასუხისმგებლობაა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე სიმართლე დადგინდეს.

„ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, რომ შვიდი სხდომიდან არც ერთი არ ყოფილა, სადაც ამ მასალებზე ერთად ვიმსჯელებდით. რეკომენდაცია დაწერეთ თვითონ, ამ ჯგუფმა. აქ არის პოლიტიკური ნაწილები, რომელშიც არ ვერევი, მაგრამ ეს არ არის თუნდაც კომისიის მსჯელობის შედეგი. ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ამიტომ დავკითხოთ ის აუცილებელი მოწმეები, შემდეგ შევიკრიბოთ და მართლაც გავაანალიზოთ და რაც იქნება საჭირო, ის რეკომენდაციები მივიღოთ, რათა კომისიის მიმართ არსებობდეს ის აუცილებელი ნდობა, რომელიც გვჭირდება. ეს უნდა იყოს მიღებული კონსენსუსით და ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ამ საქმემ მართლა მიაღწიოს თავის მიზანს, რაც არის სიმართლის დადგენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტეგები