მსახიობი ნინო ჩხეიძე გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2018 16:48
მსახიობი ნინო ჩხეიძე გარდაიცვალა

მსახიობი ნინო (ნინიკო) ჩხეიძე 99 წლისა გარდაიცვალა. ნინო ჩხეიძე მარჯანიშვილის თეატრში 46 წლის განმავლობაში თამაშობდა. მან 150-მდე როლი შეასრულა.

ის ცნობილი იყო, როგორც სახასიათო როლების შესანიშნავი შემსრულებელი. მათ შორის აღსანიშნავია თინათინი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ეკა (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ლამაზისეული და მკითხავი (ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"), ძიძა (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), პეპელა (გ. მდივნის "ვარდო"), მართა (ა. პარონიანის "ძია ბაღდასარი"), ეკა (რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი"), კნეინა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), სოფიო (ა. წერეთლის "ბუტიაობა"), გადია (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), ცაცანა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვა; მისი შემოქმედება გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სცენური სიმართლით და იმპროვიზაციის ნიჭით; გადაღებულია ფილმებში: "მაგდანას ლურჯა", "კარდაკარ", "მიხა", "ერთი ცის ქვეშ", "მე ვხედავ მზეს", "ხათაბალა", "დათა თუთაშხია" და სხვა; დაწერა წიგნი თავის ძმაზე - "უშანგი" (1998).

მაყურებელს იგი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა სპექტაკლში „ეზოში ავი ძაღლია“ და გოდერძი ჩოხელის ფილმიდან „ადამიანთა სევდა“.

მან სცენა თითქმის 30 წლის წინ დატოვა, მის მიერ შესრულებული ბოლო როლი ედუარდო დე ფილიპოს „ხელშეკრულებაში" მეზობლის პერსონაჟი იყო.

სცენიდან წასვლის შემდეგ მან წიგნების წერა დაიწყო.

ტეგები