მწერალი ზურაბ ჯიშკარიანი ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოვებაზე აფხაზეთის დროშიანი მაისურით მივიდა
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2018 22:53
მწერალი ზურაბ ჯიშკარიანი ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოვებაზე აფხაზეთის დროშიანი მაისურით მივიდა

მწერალი ზურაბ ჯიშკარიანი ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ის დაჯილდოვებაზე გამოცხადდა ლურჯი მაისურით, რომელზეც დე ფაქტო აფხაზეთის „სახელმწიფო“ სიმბოლიკა - დროშაა გამოსახული. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში მოქალაქეთა მხრიდან უკმაყოფილება და გაურკვევლობა გამოიწვია. თავად მწერალი კი ამბობს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის გამოსახულებიანი მაისური აფხაზების მიმართ მისი მეგობრული განწყობის მაჩვენებელია.

ამასთან, მისი თქმით, ეს მაისური მას აფხაზმა მეგობრებმა ჩამოუტანეს და ხშირად აცვია. როგორც მწერალი ირწმუნება, მისი მეგობრებიც ანალოგიურ მაისურს, მხოლოდ საქართველოს დროშის გამოსახულებით, აფხაზეთში ატარებენ.

„მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან და ქალაქ სოხუმის თვითაღიარებული მერი. მგონია, რომ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო და როგორც ერი იღუპება და ჩვენი მოძმე ერია. მინდა, რომ ერთად ვიცხოვროთ. ერთ დიდ კონფედერაციაში მეგობრულად. ჩემი ასეთი ჟესტია - სალამი ჩემს აფხაზ დებს და ძმებს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ზურაბ ჯიშკარიანმა.

შეკითხვას, აღიარებთ თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - მწერალმა კომენტარისგან თავი შეიკავა, აღნიშნა რომ ეს დიდი თემაა და ერთი წინადადებით ვერ შემოიფარგლება.

„როგორც გითხარით, ეს ჩემი მხრიდან მეგობრული სალამია და ჟესტია ჩემს აფხაზ ძმებს და დებს, რომ დამთავრდეს ზიზღი, სისხლისღვრა და ომი და გავუგოთ ერთმანეთს. ჩვენ არ უნდა შევვარდეთ მათთან ომით და არც ისინი უნდა შემოვარდნენ ჩვენთან ომით. სადღაც უნდა გავუგოთ ერთმანეთს. ეს ჩემი მხრიდან 100%-ით მშვიდობიანი გზავნილია. ეს სიმბოლიკა, რის გამოც ისინი სისხლს ღვრიდნენ, და აქეთ მხარეს ჩვენც სისხლს ვღვრიდით, ჩემი აზრით დროა დავივიწყოთ ეს დაღვრილი სისხლი, რომ გადავდგათ ნაბიჯი იქითკენ, რომ წავიდეთ მომავლისკენ, მეგობრობისკენ, დაახლოებითვის“, - განმარტავს მწერალი.
 

ტეგები