დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე რეკომენდაციები მიიღო
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2018 23:10
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე რეკომენდაციები მიიღო

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მეშვიდე სხდომა გამართა.

კომისიის წევრებმა პირველ საკითხად დროებითი საგამოძიებო კომისიის ორი რეკომენდაცია განიხილეს. საკითხი დროებითმა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ წარმოადგინა.

პირველი რეკომენდაციის თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის მასალებზე, ასევე, შსს-ს და პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების კახაბერ სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მხრიდან მიღებული ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, მიმართავს რეკომენდაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, ასევე გაატაროს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.



მეორე რეკომენდაცია ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის მასალებზე, აგრეთვე შსს-ს და პროკურატურის პასუხისმგებელი თანმდებობის პირების კახაბერ სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მხრიდან მიღებული ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, მიმართავს რეკომენდაციით საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის, მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.


რეკომენდაციების შესახებ სამართლებრივი არგუმენტები კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ წარმოადგინა, რის შემდეგაც მან კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.



რეკომენდაციებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან და საპარლამენტო უმცირესობიდან საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს რეკომენდაციებთან დაკავშირებით.



განხილვების შემდეგ გაიმართა კენჭისყრა და დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორივე რეკომენდაცია მიიღო. პირველ რეკომენდაციას მხარი კომისიის ათმა წევრმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა. მეორე რეკომენდაციას მხარი დაუჭირა კომისიის რვა წევრმა, ექვსი წინააღმდეგი იყო, კომისიის ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ რამდენიმე პირის ოფიციალური ახსნა-განმარტება მოისმინა. პირველი, მოწმე ზვიად კუპრავა გამოიკითხა.

ზვიად კუპრავამ კომისიის წევრებს 1 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნო. მან ისაუბრა საქმეში მონაწილე პირებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და სხვა საკითხებზე. ზვიად კუპრავამ კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.

დღესვე, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ირაკლი ფიფიას ოფიციალური ახსნა-განმარტების მოისმინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელებმა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელების გამოკითხვა კომისიის ხვალინდელ სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.


კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შორის კონტრაქტის გაფორმებას, რის საფუძველზეც ორგანიზაციის წარმომადგენლები დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს არასრულწლოვანების დაკითხვაში დაეხმარებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯების გადასადგმელად კომისია პარლამენტის აპარატის უფროსს და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს მიმართავს.

ტეგები