კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე იმსჯელეს
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2018 14:10
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების სხდომაზე მთავრობის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 116 კანონპროექტი წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების მიზანი მთავრობის განახლებული სამთავრობო პროგრამის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაა, რომლის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვის ერთ-ერთი პრინციპს და მიმართულებას „მცირე მთავრობის“ კონცეფცია წარმოადგენს. „ქვეყანას სჭირდება მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი ხორციელდება.

მცირე და მოქნილი მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად დაგეგმილია სამთავრობო უწყებების გაერთიანება/ოპტიმიზაცია და მათ შორის ფუნქციების გადანაწილება“, - აღნიშნა, ნათია მიქელაძემ.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც:

. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

· სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციები გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ხოლო სამინისტროს დარჩენილი ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება.

· ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა: დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუსაოების მიმართულების, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის და რეპატრიაციის მიმართულების) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც ასევე ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება.

· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან კი სივრცითი განვითარების კომპონენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

ნათია მიქელაძის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებების შესასრულებლად, მთავრობა 6 თვის ვადაში კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებს. მისივე განცხადებით, გაგრძელდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და პრემიერ-მინისტრის ინიციატივის თანახმად, შრომის ანაზღაურება 3.9%-ზე ჩამოვა.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კომიტეტების წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ცალკეულ საკითხებზე შეკითხვები დასვეს. დეპუტატების კითხვები განათლების და მეცნიერების და კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებას შეეხებოდა. მათი ინტერესის საგანს სამინისტროს მართვის სისტემის მოდელი, ფინანსების გადანაწილება, დაზოგილი და გამოთავისუფლებული თანხების ოდენობა, სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილი დარგების ფუნქციონირება და უშუალოდ სამინისტროს სახელწოდებაც წარმოადგენდა. პარლამენტის წევრმა, რევაზ არველაძე წარმოდგენილი სამინისტროს სახელწოდებაში „მეცნიერების“ დამატების ინიციატივით გამოვიდა, აღნიშნული რეკომენდაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მისაღებად მიიჩნია. მისი განცხადებით, იგი იზიარებს მთავრობის ხედვას სტრუქტურული ცვლილებებთან და „მცირე მთავრობის“ კონცეფციასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს და დამატებითი კონსულტაციების გამართვას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

კანონპროექტის კენჭისყრისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხზე, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სესია იმსჯელებს.





 

ტეგები