რომან კაკულია მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2018 14:56
რომან კაკულია მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე ისაუბრეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ბანკის ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის განვითარების, მწარმოებლობის დონისა და ხარისხის გაუმჯობესების, ცხოვრების დონის ამაღლების სფეროში დაეხმარება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით: „პრობლემაა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში პოზიციონირების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ვერ აღწევს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფაზე და არ აისახება მათზე. გარკვეული დროა საჭირო, რომ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ბიზნესსაქმიანობა პირდაპირ დაუკავშირდეს იმ საერთაშორისო შესაძლებლობებს, რასაც საქართველო სხვადასხვა სავაჭრო ხელშეკრულებით იმკვიდრებს. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი მიმდინარეობს, მაგრამ მწარმოებლობის დონე და ხარისხი კვლავ არ არის საკმარისი, და მასში ჩართული ადამიანების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ტენდენციას ვერ ცვლის.

კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ ადამიანები საკუთარი შემოსავლების დიდ ნაწილს ხარჯავენ ჯანმრთელობაზე. გასაუმჯობესებელია ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ საკითხებს ეხმიანება მსოფლიო ბანკის ახლახან დამტკიცებული პროექტი და ეს ყველაფერი ასევე ასახულია ახალი პრემიერის მიერ შემოთავაზებულ ხედვაში“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში მოეწყობა დონორთა ერთობლივი შეხვედრა, სადაც კონკრეტულად გაანალიზდება არსებული პრობლემები. განიხილავენ რეგიონებში სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებულ პროგრამებს. ასევე, გააანალიზებენ დონორების დახმარების პროგრამაში არსებული ტრენინგების და სწავლების კომპონენტებს და მათი კოორდინაციის საკითხს. იმსჯელებენ რომელ რეგიონებზე შეიძლება კონცენტრირება, რათა შეიქმნას მოდელი, რომელსაც მთავრობა თავისი შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის პროცესში გამოიყენებს, როგორც რეგიონებში არსებული პრობლემების დაძლევის და მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისთვის აპრობირებულ და წარმატებულ მოდელს.

შეხვედრაში მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი სარა მაიკლი.

ტეგები