საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2018 16:16
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა.

კანონპროექტები კოლეგებს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააცნო. პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით, ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება. კერძოდ, ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი“ იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“. ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სახმელეთო ჯარები შეიცვალა ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალები“.

მესამე მოსმენით განიხილეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სახმელეთო ჯარები იცვლება ტერმინით ,,საქართველოს თავდაცვის ძალები”.

საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ზუსტდება იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მათ ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი.

მომხსენებლის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში რედაქციული ხასიათის ცვლილება არ შესულა.

კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.




 

ტეგები