კობა დავითაშვილმა სააკაშვილსა და მერაბიშვილს პროკურატურაში უჩივლა
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2018 16:30
კობა დავითაშვილმა სააკაშვილსა და მერაბიშვილს პროკურატურაში უჩივლა

ყოფილმა დეპუტატმა, კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

კობა დავითაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ივლისს, "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ სწორედ მისი და ვანო მერაბიშვილის ინიციატივით ჩაწერეს კობა დავითაშვილი ფარულად. დავითაშვილის თქმით, "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის თანახმად დეპუტატის ფარული მიყურადება აკრძალულია. სწორედ ამის გამო, ყოფილი დეპუტატი ითხოვს, რომ გამოძიება დაიწყოს სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

„მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყოს მათი მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც, პრაქტიკულად, მან აღიარა „რუსთავი 2“-ის ეთერში, როდესაც გაანდო საზოგადოებას, რომ ის ფარული ჩანაწერი, რომლის გაკეთებაც აკრძალული იყო, პარლამენტის წევრის მიმართ კანონის თანახმად განხორციელდა მასთან შეთანხმებით მერაბიშვილის მიერ, რომელმაც ახარა სააკშვილს, რომ დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად აქცევდნენ. მადლობა მინდა ნიკა გვარამიას გადავუხადო. მან მრავალი წლის დაგვიანებით გაიხსენა, რომ ოდესღაც პროკურორის მოადგილე იყო და ეთერში დაჰკითხა მიხეილ სააკაშვილი. ჩემს მიმართ იმდენი უბედურება მოხდა, ერთმანეთში ერევა ყველას. სამი თავდასხმა, ერთი მკვლელობის მცდელობა. ამაზე არ აღძრულა საქმე. მაშინ ეს ყველაფერი გაფორმდა როგორც სუფრის წევრის პირადი მასალა, რომელმაც მიაწოდა მედიას ჩანაწერი. ეს ადამიანი ავარიაში გარდაიცვალა. მე ამ გარემოებების გამოძიებასაც მოვითხოვ. ვფიქრობ, მოწმე სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიშორა. ვითხოვ გამოძიებას იმ საქმეზე, რაც აქამდე არ ყოფილა. მაშინ მოქმედი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით არ შეიძლებოდა ჩანაწერის მომზადება. მათ კონფიდენტის მეშვეობით გაავრცელეს „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩემი პოლიტიკური მკვლელობის მიზნით. ეს უკანონო მიყურადება იყო“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ტეგები