იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2018 18:38
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ 115 პროექტთან ერთად.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს მთავრობის განახლებული სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფა, რომლის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვის ერთ-ერთი პრინციპი და მიმართულებაა ე. წ. მცირე მთავრობის კონცეფცია.

„ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, მოქნილი ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი. მცირე და მოქნილი მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სამთავრობო უწყებების გაერთიანება/ოპტიმიზაცია და მათ შორის ფუნქციების გადანაწილება დაგეგმილი რეფორმების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზნით. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია“, - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
ცვლილებების თანახმად:

· განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ჩაითვლება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ;

· სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვლება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციურ სამსახურს.

· ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა: დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების; მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების; რეპატრიაციის მიმართულების) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც ჩაითვლება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც ეხება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას, გადაეცემა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს;

· საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სივრცითი განვითარების მიმართულებით) გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ჩაითვლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ სივრცითი განვითარების მიმართულებით.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განმარტებით, კანონპროექტს ახლავს ვრცელი გარდამავალი დებულებები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობამ და უწყებებმა უნდა განახორციელონ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ.

„აქ საუბარია სამთვიან პერიოდზე, რომლის დროსაც უნდა განხორციელდეს გაერთიანებული უწყებების მიერ შესაბამისი რეორგანიზაციები და დაიგეგმოს უკვე გაერთიანებული უწყებების სწორი მართვა შესაბამისი ანალიზის საფუძველზე“, - აღნიშნა ნათია მიქელაძემ.

მისივე თქმით, უწყებების წარმოდგენილ ოპტიმიზაციასთან ერთად, სამომავლოდ, გაგრძელდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შემცირება. ასევე, დაგეგმილია შრომის

ტეგები