დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგეობების მიერ მეორე კვარტალში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2018 10:34
დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგეობების მიერ მეორე კვარტალში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის, როგორც ცენტრალური აპარატისა და თბილისის რაიონების გამგეობების მიერ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა. 

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამგებლებსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეორე კვარტალში ბიუჯეტის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებლები, ძირითადად კეთილმოწყობისა და გზების მოვლა-შეკეთების მიმართულებით ფიქსირდება. 

„შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესრულების მაჩვენებლები ძირითადად 100%-ს შეადგენს, რისთვისაც მინდა, გამგებლებსა და თქვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ის ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული და ეს მეორე კვარტლის მონაცემებში უკვე იგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავჩერდეთ. მაგალითისთვის მოვიყვან სამგორის გამგეობის შესრულების მაჩვენებელს - პირველ კვარტალში,  გზებისა და კეთილმოწყობის ნაწილში 10-20%-იანი შესრულება იყო. მას შემდეგ, რაც კონკრეტული ცვლილებები მოხდა და ახალი გამგებელი დაინიშნა, სამგორის რაიონის ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი გზების ნაწილში 99.97%-ს, ხოლო კეთილმოწყობის ნაწილში 99.96%-ს აღწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მეორე კვარტლის შესრულებამ პირველი კვარტლის მონაცემებს რადიკალურად გაუსწრო, რადგან ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. 

„ეს არის ზუსტად ისეთი ხარისხი, რომელიც ჩვენ დედაქალაქს, მოსახლეობას სჭირდება და მხოლოდ ასეთი მუშაობის შედეგად შევძლებთ, მივაღწიოთ იმ შედეგებს, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა. მადლობა მინდა ასევე, გადავუხადო  მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს, ვინაიდან ძირითადი ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები სწორედ ამ საქალაქო სამსახურის მეშვეობით ხორციელდება, სადაც ასევე, ორი კვარტლის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, სამუშაოები გზების, საფეხმავლო ბილიკების, ეზოების, სპორტული მოედნების, სკვერების, დასასვენებელი პარკების, გზაგამყოფების კეთილმოწყობის, სანიაღვრე ქსელებისა და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგების მიმართულებით შესრულდა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მოხმარდება. 

ტეგები